09.12.2020
დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების წევრმა, კახა ბაინდურაშვილმა 1,500 სტუდენტისათვის ონლაინ მასტერკლასი ჩაატარა.
კახა ბაინდურაშვილმა სტუდენტებს გააცნო მიმდინარე გლობალური ტრანსფორმაციის პროცესი, როდესაც დამსაქმებლების ყურადღების გადატანა ხდება პროფესიებიდან თეორიულ უნარებზე. ეს პროცესი ინდუსტრია 4.0 - ის დადგომისთანავე დაიწყო და ბოლო წლებში დინამიურად ვითარდებოდა ციფრული ეპოქის ჩამოყალიბების პარალელურად, მაგრამ კოვიდმა აღნიშნული პროცესის უკიდურესი აქსელერაცია გამოიწვია.
კოვიდის გამო მთელს მსოფლიოში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის აჩქარებამ ასევე დააჩქარა უნარების სწრაფი ცვლა და შესაბამისად მათი სწრაფი ათვისების აუცილებლობა, რაც დღეს სერიოზული გამოწვევაა მსოფლიოს განათლების სისტემისათვის და კიდევ უფრო საგულისხმოა საქართველოსთვის. ასე მაგალითად, უკანასკნელი კვლევების თანახმად, 2022 წლისათვის სამუშაო ადგილების 42% განსხვავებულ უნარების ნაკრებებს მოითხოვენ; უკვე ამჟამად დამსაქმებლების ნახევარზე მეტს აღარ აკმაყოფილებს უნივერსიტეტების მიერ მომზადებული სტუდენტები, ამდენად დიდია დამატებით უნარებზე მოთხოვნა და ამდენად დიდია მათი ცვლილების სისწრაფე. კარგი მაგალითია ბლოქჩეინთან დაკავშირებული უნარები, 2019 წელს ბლოქჩეინის ცოდნა არ შედიოდა 5 მთავარი უნარის ჩამონათვალში, 2020 წელს ის უკვე მთავარი მოთხოვნადი უნარია და მის ცოდნას უკვე არა-IT სპეციალობებსაც სთხოვენ, მაგ. ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურის დამთავრებულებს.
კახას მასტერკლასი ჩატარდა USAID Economic Security Program - ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის მასტერკლასების პროგრამის ფარგლებში და მასში დისტანციურად 1500-მდე მონაწილე ჩაერთო, რომელთა უმეტესობა ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკისა და ფინანსების და მარკეტინგის საბაკლავრო პროგრამების 1-3 კურსელი სტუდენტები არიან საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, როგორებიცაა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ილიაუნი და სხვა.