NEDA-მ (Non-Executive Directors’ Association) გამოსცა „დამოუკიდებელ დირექტორთა სახელმძღვანელოს“ განახლებული, მე-4 გამოცემა, ბრაიან კოულის ავტორობით.
იმის გათვალისწინებით,რა მნიშვნელობა შეიძინა დამოუკიდებელი დირექტორების ინსტიტუტმა კომპანიების საქმიანობაში ბოლო წლების განმავლობაში, დამოუკიდებელ დირექტორთა სახელმძღვანელო, წარმოადგენს ერთგვარ წყაროსა და მიმართულების მიმცემ რუკას მათთვის კარიერის ნებისმიერ საფეხურზე.
დამოუკიდებელი დირექტორების ინსტიტუტი არის მენეჯმენტისა და კორპორაციული მმართველობის მნიშვნელოვანი ნაწილი. დღეისათვის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრები ისეთი საჭირო არიან როგორც არასდროს, განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი კორპორაციული სკანდალების გათვალისწინებით. სახელმძღვანელოს მეოთხე გამოცემა სრულად ასახავს უახლეს მეთოდურ და მარეგულირებელ საკითხებს, მათ შორის დიდი ბრიტანეთის კორპორაციული მართვის კოდექსს, საბჭოს ეფექტიანად მუშაობის სახელმძღვანელო პრინციპებს, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებულ ქეისებსა და სხვა თეორიულ თუ პრაქტიკულ ინფორმაციას.
სახელმძღვანელო გვაცნობს დამოუკიდებელ დირექტორთა როლს კომპანიებისთვის, დაწყებული საჭირო კანდიდატის შერჩევის ეტაპიდან, მათი სამართლებრივი და ეთიკური მოვალეობებით დამთავრებული. წიგნი ეხება დამოუკიდებელ დირექტორთა მნიშვნელოვან როლს კორპორაციის ფუნქციონირებაში. სახელმძღვანელო ასევე მოიცავს თავებს რისკებთან, დირექტორების მოქმედების შეფასებებთან და აქციონერებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით.