საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისათვის კორპორაციული მართვის კიდექსი დაამტკიცა.
კოდექსის მთავარი მიზანი საწარმოებისათვის პასუხისმგებლობის გაზრდის ხელშეწყობა, დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია, გამჭვირვალობისა და ინვესტორთა უფლებების დაცვაა. ეს, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საწარმოებს გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში, ხოლო, მეორე მხრივ, გაზრდის ინვესტორთა ნდობას საწარმოსადმი და საბოლოოდ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში.
"საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსი" ასახავს საწარმოებისადმი დადგენილ მოთხოვნებსა და ანგარიშგების წარმოდგენის პროცესს. კოდექსი ეფუძნება მიდგომას - "შეასრულე ან განმარტე და წარმოადგინე ალტერნატივა", რომელიც მოითხოვს კოდექსით დადგენილ პრინციპებთან მიმართებაში ემიტენტების კორპორაციული მმართველობის მიდგომების გამჟღავნებას და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკის ფართოდ გამოყენებას.
კორპორაციული მართვის კოდექსი 2022 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში. კოდექსით განსაზღვრულ ანგარიშგებებს საწარმოები 2023 წლის წლიური ანგარიშის წარდგენის თარიღისთვის წარმოადგენენ.