იხილეთ ასევე:
- მიმოხილვა
მიმოხილვა
კორპორაციული მართვა განისაზღვრება იმ პროცესებითა და სტრუქტურებით, რომლებითაც ხდება კომპანიის მართვა და კონტროლი.
კორპორაციული მართვის საუკეთესო მსოფლიო სტანდარტების დაცვა ხელს უწყობს კომპანიებს უფრო ეფექტიან საქმიანობაში, კაპიტალზე წვდომის გაუმჯობესებაში, რისკების შემცირებასა და არასწორი მენეჯმენტისგან თავის დაზღვევაში, ზრდის კომპანიის ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას ინვესტორების თვალში და იძლევა პარტნიორთა ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინების საშუალებას.
აგრეთვე, სწორ კორპორაციულ მართვას შეაქვს წვლილი კომპანიის განვითარებაში. კაპიტალზე გაზრდილი წვდომა იზიდავს ახალ ინვესიტიციებს, სტიმულს აძლევს ეკონომიკურ ზრდას და იძლევა დასაქმების შესაძლებლობებს.
პრინციპები
კორპორაციული მართვის თაობაზე თანამედროვე განხილვას, როგორც წესი, მივყავართ 1990 წლების შემდგომ სამ დოკუმენტში ჩამოყალიბებულ პრინციპებამდე: ქედბერის ანგარიში (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, 1992), კორპორაციული მართვის პრინციპები (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), 1999, 2004 და 2015 წლები), 2002 წლის სორბეინ–ოქსლის აქტი (აშშ, 2002). ქედბერისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიშები ადგენენ იმ ზოგად პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც უნდა იმოქმედონ კომპანიებმა, სათანადო მართვის უზრუნველყოფის მიზნით. სორბეინ–ოქსლის აქტი, რომელსაც არაფორმალურად „სორბოქსს“ უწოდებენ, წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის მიერ ქედბერისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიშებით რეკომენდირებული პროცედურების შემოღების მცდელობას.
- აქციონერთა თანასწორუფლებიანობა: კომპანიებმა პატივი უნდა სცენ აქციონერთა უფლებებს და ხელი შეუწყონ მათ ამ უფლებების გამოყენებაში. კომპანიებს შეუძლიათ დაეხმარონ აქციონერებს საკუთარი უფლებების რეალიზებაში, ინფორმაციის ეფექტური და ღია კომუნიკაციითა და საერთო კრებებში მონაწილეობის წახალისებით.
- სხვა დაინტერესებული პარტნიორების ინტერესები: კომპანიებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ აქვთ სამართლებრივი, სახელშეკრულებო, სოციალური და ბაზარზე არსებული სხვა ვალდებულებები არააქციონერი პარტნიორების მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ თანამშრომლებს, ინვესტორებს, კრედიტორებს, მომწოდებლებს, ადგილობრივ საზოგადოებას, კლიენტებსა და რეგულატორებს.
- სამეთვალყურეო საბჭოს როლი და ვალდებულებები: საბჭოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი უნარები, რომ განიხილოს და შეაფასოს მენეჯმენტის ეფექტურობა. მას აგრეთვე სჭირდება დამოუკიდებლობისა და მოვალეობის შეგრძნების სათანადო დონე.
- პატიოსნება და ეთიკური ქცევა: პატიოსნება უნდა იყოს კომპანიის თანამდებობის პირთა და საბჭოს წევრთა შერჩევის ფუნდამენტური კრიტერიუმი. კომპანიებმა უნდა ჩამოაყალიბონ ქცევის კოდექსი დირექტორებისა და მენეჯერებისათვის, რომელიც წაახალისებს ეთიკური და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღებას.
- ინფორმაციის გამჟღავნება და გამჭირვალობა: კომპანიებმა ნათლად და საჯაროდ უნდა განაცხადონ დირექტორთა საბჭოსა და მენეჯმენტის როლი და ვალდებულებები დაინტერესებულ პირთა მიმართ ანგარიშგების გარკვეული დონის უზრუნველყოფის მიზნით. მათ აგრეთვე უნდა მოახდინონ შემოწმებადი და შეუვალ პროცედურათა იმპლემენტაცია. მნიშვნელოვანი საკითხების გამჟღავნება კომპანიის შესახებ უნდა იყოს დროული და დაბალანსებული ისე, რომ ყველა ინვესტორს ჰქონდეს მკაფიო და ფაქტობრივ ინფორმაციაზე წვდომა.